„სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია, სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართული მიზნობრივი ღონისძიებები და სექტორში ინვესტიციების მოზიდვა. ამ მიზნით ევროკავშირის (EU) „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ (RDA) ახორციელებს „სოფლის განვითარების პროგრამას“.
პროგრამის მიზნები და ამოცანები
- პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ხელშეწყობას თანადაფინანსების გზით.
პროგრამის მიზნებია
- სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ დევერსიფიკაციას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
- გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება.
პროგრამის ამოცანებია
- სოფლად ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა;
- სოციალური პირობებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება.